← Back Published on

პირველად იყო სკოლა... და მერე შეიქმნა ადამიანი

პირველად რომ ლოზას შევხვდი ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, მაგრამ წარმატებით მოეხერხებინა სკოლის მასწავლებლების მოთმინების არც თუ ისე მსხვილი ძაფის გაწყვეტა, რომელთაც თავის მხრივ გადაეწყვიტათ, რომ ლოზა მესამედ და ამჯერად უკვე საბოლოოდ გამოეგდოთ სკოლიდან. დისციპლინარული კომისიის სხდომიდან, რომელიც გარდა სახელისა, მასში შემავალი პირების ვერბალური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარეც ნამდვილად მოგაგონებთ კომუნისტური პარტიის თავყრილობას, გამოსული ლოზა ცალყბად იცინოდა და თვალების ცეცებით რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. ბოლოს მე შევრჩი ხელში და ჩემკენ წამოვიდა თან სიგარეტს გაუკიდა და გვერდზე დამიდგა. რაზე გაგდებენ მეთქი, პირდაპირ ვკითხე და ტუალეტში სიგარეტი მოვწიეო.

ცოტა არ იყოს და კი გამიკვირდა, სიგარეტის მოწევა ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა იმათ შორის, რაც ამ ტუალეტში სხვა დროს ხდებოდა. ასე მაგალითად, ორი დღის წინ ორი მეთერთმეტე კლასელი დაიჭირეს რომლებსაც თავიანთი საკლასო ოთახიდან მერხი თავის სკამიანად ტუალეტში შეეთრიათ და ზედვე ჟიმაობდნენ. არა, სხვანაირად კი არ იფიქროთ, მერხზე ჟიმაობდნენ და სკამით კიდევ კარი ჰქონდათ ჩახერგილი. ორივენი გაყარეს, ოღონდ სულ ტყუილად - ჯერ ერთი, რომ ის მერხი რომელზეც ისინი წმინდა ბიოლოგიური პროცესების პრაქტიკული გამოვლინებით იყვნენ დაკავებული ერთ-ერთს ეკუთვნოდა, რაც სხვისი საკუთრების ხელყოფად ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა. მერე მეორეც, ბავშვებს აშკარად ზედმიწევნით კარგად ჰქონდათ ნასწავლი საქართველოს ისტორიის ის ნაწილი, სადაც დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლის წინ უკანდასახევი გზა ჩახერგა, რაც მათ მონდომებულობაზეც მიუთითებდა. მაგრამ არც არავის აინტერესებდა ეგ ამბავი, სკოლაში გარყვნილებას ავრცელებდნენო დირექტორმა ბრძანა. კი ვცადე შევწინააღმდეგებოდი და ამეხსნა, რომ ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელსაც სულაც არ უნდოდა კლასში გარყვნილების გავრცელება და სწორედ ამ დიადი მიზნის მისაღწევად ანატომიის იმ ნაწილს სადაც საუბარი სასქესო ორგანოებზე იყო ახტებოდა, გარკვეულწილად აბალანსებდა მათ ამ საქციელს, მაგრამ დირექტორმა ჯერ თავისი კაბინეტიდან მიმაბრძანა და მერე სკოლიდანაც.

ჰოდა, ზუსტად იმ დროს როცა სკოლიდან მიბრძანებული მეც გარეთ ვიდექი და უაზროდ ვაშტერდებოდი გაზის იმ მილს, რომელიც ზამთარში სულ გაყინული იყო და ზაფხულში სულ გახვრეტილი, ლოზაც გვერდით ამომიდგა და ტუალეტში მოწევის ამბავიც მომიყვა. ძალიან კი ცდილობენ ამ ტუალეტის ნამუსის შენახვას, მაგრამ ჯერ ის ჩამჩები რომ გამოცვალონ და „ვწოვ საათში ხუთ ლარად, დამირეკეთ ნომერზე 5** *** ***“ წარწერა გადაათეთრონ, სადაც სხვათა შორის და ზუსტად დირექტორის ნომერი წერია, უკეთესი იქნება-მეთქი რომ ვთქვი ამან გადაიხარხარა და ეგეც ჩემი მიწერილიაო, მითხრა.

მეთქი ვახ, ბიჭო, როგორი უცნაურია ცხოვრება. ჯერ კიდევ გუშინ ამ სკოლის ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, მათემატიკაში 6-ები მყავდა, ლიტერატურაში 8-ები და სულ არ ვფიქრობდი დირექტორი მართლა წოვდა თუ არა საათში ხუთ ლარად, მაგრამ ახლა რომ ამ დირექტორის მიერ სკოლიდან გამოგდებული სკოლისსავე კიბეზე ვიდექი და არტისტული ინსპირაციით გაჯერებულ და სიგარეტის სუნით აყროლებულ ლოზას ვუყურებდი, გადავწყვიტე, რომ ეს კაცი ტყუილად არაფერს არ დაწერდა და ალბათ მართლა ეგრეა თორე ჯერ იმ მეთერთმეტე კლასელებს რატომ გაყრიდა, მერე მე რატო მიმაყოლებდა და ამასაც რატო დამაწევდა ზურგში თქო.

თქვენ კი ნუ იფიქრებთ რომ სადღაც ჯურღმულში ვსწავლობდი. არა, ბატონებო და ქალბატონებო, თბილისის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საჯარო სკოლა იყო და თუ აქამდე თქვენს შვილებს სკოლაში სინდისდამშვიდებული უშვებდით, რომ იქ მას კარგად ექცევიან, ამიერიდან შეგიძლიათ სულ იმაზე დარდში გაატაროთ დღე რომ თქვენი შვილი ბინძურ ტუალეტში თავისსავე მერხზე გადაკიდული არ გაჟიმონ ან პირიქით. ხვდებით ხო ახლა რატომაა საჯარო სკოლები უფასო? აბა, 12000 ლარს რომ იხდი სკოლაში იქ მინიმუმ კონდიციონერიანი ფანჩატური და ანბანის (და ზომების) მიხედვით დალაგებული კონდომები უნდა გხვდებოდეს თავისი ქინგ საიზ ბედრუმით.

დედაჩემმა სულ არ იცოდა რა ხდებოდა სკოლაში, სახლში რომ მივდიოდი და შევჭამდი, მერე კომპიუტერს ვრთავდი და Vice City-ს ვთამაშობდი, თეთრ ჯეტეას რა, პანზერ და რამე, რო მკითხავდა რატო არ მეცადინეობო, მასწავლებელმა იგივე დაგვიტოვა მეთქი ვეუბნებოდი და ესეც მშვიდდებოდა. ის არ იცოდა, რომ მასწავლებელს ჩემი კლასის კაი ბიჭებთან ჰქონდა მაზიანი წაგებული 20 ლიტრ ლუდზე და ერთი კვირა ახალი გაკვეთილის არ ახსნაზე და კარგ ჩიტს დაიჭერდა ოდნავ მაინც რომ ეცადა ჯაყოს ხიზნების ახალი თავის ახსნა.

ჯაყოს ხიზნებზე გამახსენდა და ჩემთვის სკოლა ნამდვილად იყო დიდი საგანმანათლებლო ცენტრი და ცოდნის აკვანი, რამეთუ პირველად პორნოს სკოლაში ვუყურეთ. ჩემი კლასელი გიორგის ტელეფონში. იქ მრავლობითი ტყუილად არ დამიწერია, იმიტომ რომ მართლა ვუყურეთ, მე, ჩემმა 8-მა კლასელმა, მათ შორის სამმა გოგომ და სკოლის მანდატურმა. ოღონდ ტელეფონები ახლა როა 4კ რეზოლუციით რომ გაჩვენებს ვიდეოს და სადმე VR-საც თუ დაითრევ საერთოდ რომ იგრძნობ ყველაფერს ეგეთი ტელეფონი კი არ იყო, მაშინ ყველაზე მაგარ ტელეფონად Nokia N73 ითვლებოდა, ამას კიდე ლიფტიანი სამსუნგი ჰქონდა. ჰოდა ვიჯექით ამ 0.1 ინჩიან ეკრანთან ათი კაცი და ვუყურებდით ვიღაცა მელოტი კაცი როგორ აკეთებდა რაღაცას პიცის ყუთით. კი შეიძლება იფიქროთ, რა გაგიჭირდა შეჩემისა, სკოლაში პორნოს რამ გაყურებინათო, მაგრამ ჯერ ერთი ის რომ ნამდვილად გვიჭირდა, პირველი ტელეფონი მეცხრე კლასში მიყიდეს, შავთეთრი ფანრიანი ნოკია იყო, რომელსაც „ბაუნსიც“ არ ჰქონდა, მერე მეორე სახლში ინტერნეტი ამავე მეცხრე კლასამდე არ მქონია და სპაიდერ სოლიტარეს გურუ ვიყავი, ბოლოს უკვე ზეპირად ვიცოდი ყველა შესაძლო კომბინაცია და მერე მესამე, გაჭირვებული მე კი არ ვიყავი, ჩემი კლასელი გიორგი იყო, ამ პორნოს ყურების პროცესში, აი, ზუსტად იმ ბიოლოგიის მასწავლებელმა რომ დაფასთან გამოიძახა და ამან ამ მოზღვავებული ჰორმონების დროულად დამალვა რომ ვერ შეძლო.

და ზოგადად, გაჭირვებაზე საუბარი ჩვენი თაობის ბავშვებთან ცოტა უხერხულია. მე რომ სკოლაში შევედი ჩემმა მშობლებმა ერთი მეზობლისგან თეთრი პერანგი, მეორისგან პატარა „პეპელა“ და მესამისგან სკოლის ჩანთა ითხოვეს და ისე მიმიყვანეს პირველ დღეს. სკოლა ხომ ოდითგანვე იყო მოდის ახალი ტენდენციების საჩვენებელი პოდიუმი, მაგალითად, მე რომ 10-ლარიანი „ბითსის“ პლასტმასის ყურსასმენები და 15-ლარიანი MP3 ფლეიერი ვიყიდე ვარკეთილის ბაზრობაზე, პირველად სკოლაში მივიტანე... და უკანასკნელადაც. ჯერ ჩემმა კაი ბიჭმა კლასელმა წამართვა, მერე იმ დღესვე გაუტყდა და მეშვიდე გაკვეთილის დაწყებამდე უკან მომიგდო, აჰა, და ტრაკში გაიკეთე, მაინც არ ვარგოდა თურმეო. 

მოკლედ, ეს ინდივიდუალიზმის და პიროვნების ჩამოყალიბების ყველა მცდელობა რომ ჩანასახშივე ჩაეხშოთ, ჩემმა დირექტორმა (ჰო, იმან) გადაწყვიტა სასკოლო ფორმები შევკეროთო. ოღონდ ჩვენივე ფულით. ჰოდა, ნავთის, შეშის, ფონდის, ფარდის და კლასის რემონტის ფულის გარდა, ახლა უკვე სკოლის უნიფორმების ფულიც მისატანი გაგვიხდა. მივიტანე. ჩემს უბანში მაინც ყველას რაღაცა მიჰქონდა ვიღაცასთან ან ვიღაცა ვიღაცას აძლევდა, როგორც მინიმუმ, ჰოდა ჩვენც, მთელმა ოჯახმა, სხვა რაღა დაგვრჩენოდა და მივეცით. მივეცით და მოგვიტანეს შეკერილი ფორმა და დედაჩემმა რომ ჩამაცვა ორი ზომით პატარააო, დაასკვნა. მამაჩემს ეს მიცემული (ფული) ჯერ კიდევ რომ სტკიოდა, რაის პატარა, არ გადამრიოო და ჯერ აქედან დაქაჩა, მერე იქედან დაქაჩა და ბოლოს გახია. მოკლედ, ბოლოს ისე გამოვიდა რომ ის მკერავი დატყდა და მოკლედ ჩავარდა სკოლის უნიფორმების იდეა, დავუბრუნდით საწყისი ათვლის წერტილს. ისე მამაჩემი ძალიან რაციონალური ტიპი იყო საყიდლებზე, ორი წლის რომ ვიყავი იმხელა დუტის ქურთუკი მიყიდა, რომ აგერ შარშანწინ გამოვცვალე კურტკა პირველად, 20 წლის განმავლობაში. იმავეს თქმა არ შემიძლია დედაჩემზე, რომელმაც წინასასკოლოდ ორივე მარცხენა ფეხსაცმელი მიყიდა და რომ არა ჩემი (მაშინ მესამე კლასში ვიყავი) არაჩვეულებრივი ფოტომეხსიერება და ფეხსაცმლის უკან მისაბრუნებლად ლილოს ბაზრობაზე მეორედ წასული დედაჩემი, მომიწევდა ორი მარცხენა ფეხსაცმლით სკოლაში წასვლა.

ამ დრომდე თუ კიდევ არ გადაგიფიქრებიათ თქვენი შვილის სკოლაში შეყვანა, შემიძლია განვაგრძო. მეექვსე კლასში რომ ვიყავი თვალში ბურთი მომხვდა... ქართულის გაკვეთილზე... იმიტომ რომ მასწავლებელი ყავას სვამდა დირექტორის ოთახში, ან გადახდილი ხუთი ლარის სერვისს იღებდა. არ ვიცი მოკლედ. ჩემებს რომ დავურეკე თვალში ისევ მომხვდა ბურთი თქო (იმიტომ რომ წინა წელსაც მომხვდა ზუსტად იმავე თვალში ბურთი) დედაჩემი გადაირია, მამაჩემი გაგიჟდა და ჩემი ქართულის მასწავლებელს გაუხარდა, კარმა იზ ე ბიჩო, წინა დღეს რომ უცოდინრობის გამო დავცინე, ის წყენა ჩარჩა ეტყობა გულში. მოკლედ, შერყევა აქვსო და ორი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა და ქართულის მასწავლებელმა ერთხელ დამირეკა მარტო, ახლა დამარიგე ჭკუა სადაა ათონის მთა შე ტვინნაღრძობო სიროო და გამითიშა.

ახლა ამას რომ ვწერ ასე მგონია სკოლიდან რომ გამომაგდეს ყველაზე კარგი რამ იყო რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ მოიტეხა ხელი დირექტორის მოადგილემ, რომელიც ხელის გახმობით გვემუქრებოდა ყველას ვინც გადავიწერდით. Seems like someone was working too hard with their right hand, ჰა?

მე კი დავამთავრე სკოლა და ჩემი წილი დიპლომიც ავიღე, მაგრამ ახლა უკან რომ ვიხედები ასე მგონია „შიმშილის თამაშების“ რეალით შოუში ვმონაწილეობდი, საიდანაც მარტო მე, ჩემი კაი ბიჭი კლასელები და მწოველა დირექტორი გადავრჩით, ჰოდა რავიცი, თუ მაინც გინდათ რომ თქვენი 6 წლის შვილი ამ ყველაფრისთვის გაიმეტოთ, feel free, მაგრამ რატომ? აი, ეს ვერ გამიგია.