← Back Published on

ემიგრანტების დღიური ფინეთიდან #2

*ისლანდია, ისლანდია - ზოგჯერ მზიანო*

***

აი, ყველა კარგ წიგნს ჰო აქვს რაღაცნაირი შესავალი/პრელუდია, აქედანვე რომ მოგამზადოს კულმინაციისთვის, ჰოდა ამ ამბის შესავალი ის გახლავთ, რომ ერთ ცისმარე დღეს (ფინური დღე ზამთარში, რომელიც სექტემბრის ბოლოდან იწყება და გასტანს მაისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 3-4 საათი გრძელდება) გადავწყვიტეთ, საშვილიშვილო ოცნებად ისიც გვეყოფა იბერიის გაბრწყინებას რომ ველოდებით და მოდი ისლანდიაში წავიდეთო. არა, კი ვამბობდით მანამდეც ამ „წავიდეთ,წავიდეთ“-ს მარა, ის ქართული მეტიჩრულ-სნობური მომენტი ჰო იცით/გამოგიცდიათ - სრულიად დარწმუნებული, სანდომიანი სახით ეთანხმები და გულში იმედოვნებ რომ ვიღაც სხვა არ დაეთანხმება და მერე ყველაფერი მერე იმას დაბრალდება, მარა არა... ასეთი ერთსულოვანი საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო არასდროს ყოფილა, ერთხმად დამტკიცდა ისლანდიაში წასვლის რეზოლუცია. ჰოდა, ახლა იქ რომ ჩავედი და ერთი შოკი დაგვემართა - ყველა მინდორ-ველზე რომ სტენკას ვდგამდით და დედაჩემს ვურეკავდი, მოსახდენი მოხდა, მიყვარს და ვრჩები თქო, მაგაზე აღარ ვიტყვი ბევრ რამეს. ლამაზია ისლანდია, აი, რაღაცით ჩხოროწყუს ჰგავს, მარა მთლად მასეთი კარგიც არაა. ჯერ ჩვენი უნდა დავაფასოთ, ამხანაგებო, ჯერ ჩვენი. თან რეიკიავიკზე მარტივი გამოსათქმელი ჩხოროწყუა. ნუუ, ქართველებისთვის მაინც, რა.

ყველაზე საინტერესო იყო ბოლო დღე, რომელიც წინა დღის საღამოს დაიწყო. რეიკიავიკში ბოდიალისგან დაღლილებს სულ დაგვავიწყდა, რომ არც წყალი, არც კიბე და აღარც მანქანა ჩვენი აღარ იყო და ტურის დაჯავშნაზეც არ გვიფიქრია, უფრო სწორად, დიდ ხანს ვფიქრობდით ეკონომიური და იაფიანი ტურის დაჯავშნაზე, რაც ისლანდიაში აი, იმას გავს წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ოღონდ ისლანდიის და სიიაფის ურთიერთთავსებადობის გააზრებისას, ეგ ხავსიც წყალს მიაქვს. ტური ვერ დავჯავშნეთ ნამეტანი ქართული პუნქტუალობის გამო, ღამის სამ საათზე ტურის დაწყებამდე 6 საათით ადრე, ვერაო საიტმა, მე არ ვიცი თქვენ ვინ მოკალით ქორი, არწივი თუ ძერაო, მაგრამ არაოო! ჰოდა, მეორე დღეს დილით გაღვიძებისას ერთმანეთს და ჩვენს თავებს სარკეში ისე ვუყურებდით, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. ამასობაში, დავტრიალდით, მივგუგლეთ მოვგუგლეთ და რაღაც მთაზე სალაშქროდ წავიდეთ, აბა, რეიკიავიკში ჰო არ დავრჩებითო (ვაი, რომ დარჩენა კი არა, დაბრუნებაც კი სახვეწარი გაგვიხდა). ვიყიდეთ ბილეთები და წავედით ამ მთაზე. არა, მთა კი იყო ლამაზი, თან ალაგ-ალაგ მოყინული და თათია ბედნიერი აღნიშნავდა, ყინულებზე სიარულის ტური 80 ევრო ღირდა და აგერ ჩვენ უფასოდ დავდივართო, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეტყობოდა უფრო თავს იმშვიდებდა, ვიდრე ჩვენ. ორი საათის მერე უკან ჩამოსვლა რომ დავიწყეთ, მთიდან დავინახეთ ქალაქისკენ მიმავალი ერთადერთი ავტობუსი ქარონის ნავივით როგორ გაშორდა გაჩერებას და დაგვტოვა ოლიმპოს მთაზე გამოკიდებული მთამსვლელებივით.

ჰოდა ახლა აქ იწყება, რაც იწყება, მივედით გაჩერებასთან და შემდეგი ავტობუსი ზუსტად სამ საათში მოვაო, სამშიო, ანუ თბილისიდან სურამში ჩასვლას ნაზუქის ჭამას და ჩამოსვლას რომ სჭირდება აი, მაგდენი ზუსტად. ჰოდა მეთქი ეგაა რა, უნდა გავსტოპოთ თქო - შვიდჯერ ესროლეს ისლანდიის სტეპებშიმდგომმა ჰიჩჰაიკერებმა მიმავალ მანქანებს ზევით აწეული ცერი, მაგრამ შვიდივე ააცილეს. ორი ვერსია მაქვს: 1. ისლანდიელ ერში რომაულ კულტურას საკმარისი ფესვები არ გაუდგამს რომ ზევით აწეული ცერის მნიშვნელობა ესმოდეთ და 2. ავტობანზე, 120კმ/სთ-ით მიმავალი მანქანების მძღოლებს უბრალოდ არ სურდათ „გაჩერება აკრძალულიას“ ნიშნის წინ მდგარი ერთი „მარშუტკა“ ხალხისთვის მანქანა გაეჩერებინათ. ჰოდა, როცა კინაღამ ტრაილერმა კინაღამ გამიტანა, გადავწყვიტეთ შევბრუნებულიყავით ისევ გაჩერებაზე, წვიმისგან მაინც დაგვიფარავსო, ჰოდა დავიწყეთ სამი საათის გაყვანა. თან ჰო მაგრად ცივა, თან ჰო წვიმს და თან, აი, არაფერი საჭმელი არ გვაქვს და სასწაულად გვშია. ვერაფრით, ვერ გავთბით „And then we danced”.

დარწმუნებული ვარ, ასე, არცერთს, არც ერთ დენსფლორზე არ გვიცეკვია, როგორც იმ გაჩერებაზე ვცეკვავდით, რომ გავმთბარიყავით - „ცეკვა სიცოცხლისთვის“ ფილმს თუ გადაიღებენ, ბოლოში, ზოგიერთი თრეშ-ფილმის შინაარსთან სრულ დისონანსში მყოფი უაზრო ვიდეოები რომ ჩანს ტიტრების ფონზე, აი მაგ ვიდეოდ ჩვენი ცეკვა უნდა ჩასვან. გავიდა, როგორც იქნა ეს სამი საათი და ავტობუსი არ მოდის. გადაცდა 5 წუთი, 10 წუთი, 15 მაინც არ მოდის. და თათიას იურისპრუდენციულმა პედანტობამ ახალი ნაყოფი გამოიღო - პოლიციაში დავრეკავო. პოლიციამ, რომელიც იქ ყოფნის 5 დღის განმავლობაში, ქუჩაში ერთხელაც არ მინახავს, 3 წუთის მერე აიღო, თან ოპერატორს ისეთი გაოცებული ხმა ჰქონდა, ალბათ ბოლო სამ თვეში პირველი ზარი შეუვიდა და აშკარად გადაჩვეულზე ვერ კონცენტირდა რაზე ურეკავდნენ - ბიგ მაკს და კოლას მიირთმევთ თუ როიალ მენიუსო და მერე დააყოლა, უი, ბოდიში პოლიცია იმდენად უსაქმურად გვყავს ქვეყანაში, ზოგჯერ დელივერიზე ვამუშავებთო. ჰოდა, გამწარებულმა და გაყინულმა თათიამ, თმები რომ უკანასკნელი რონინივით ჰქონდა მიყინული კეფაზე, აუწყა, ჩავრჩით მგონი სადღაც ფილმის კადრში და არაფერი მოდის რომ გავყვეთ და ორი რჩეული ეკიპაჟი აფრინეთ, წაგვიყვანონო. ჰოდა ამასობაში მოვიდა ავტობუსიც, ბევრი წუთის დაგვიანებით. ავტობუსში 5 წუთით ავედით და გათბობაც ვერ მოვასწარით, მეორე ავტობუსში გადასაჯდომად არასწორ გაჩერებაზე რომ ჩამოვედით და ჩვენი სასტუმროსკენ მიმავალ კი არა, სასტუმროდან მომავალ ავტობუსში ავედით. თან გვიხარია, ე, ბიჭო გვეშველა, რაღა მოგვკლავსო. ჩვენ გვერდით ორი ტიპი იჯდა, და მთელი გზა დაჟინებით გვიყურებდნენ, რაზეც ანამ პროტესტი ძალიან ხმამაღლა და ქართულად გამოთქვა და დემონსტრაციულად ადგილიც შეიცვალა. როგორც მერე, ამათი ჩასვლისას ერთმანეთში გადალაპარაკების შემდეგ აღმოვაჩინეთ, ქართველები იყვნენ და არ გამოგვეცნაურნენ ;დ ქადჟები კი არ მიდიან, ქადჟები, ეტყობა, მოდიანო - იფიქრეს.

ამასობაში ჩვენც მივედით სხვა ბოლო გაჩერებაზე და მძღოლმა დაგვამშვიდა, თქვენ არ იდარდოთ აგერ 20 წუთში გავალ თქვენი სასტუმროსკენ, ოღონდ ავტობუსიდან უნდა ჩახვიდეთ და გარეთ დამელოდოთო. 20 წუთის განმავლობაში ვიდექით ჩვენივე ავტობუსის წინ, რომელსაც „ველოდებოდით“ და თან ისეთი თვალებით ვუმზერდით მატადორები რომ უყურებენ კორიდაზე გამოსულ ხარს. თვითონ მძღოლი იჯდა თბილად, ფლეიბოის კითხულობდა და რაღაცნაირ ბლანტ სითხეს ეძებდა, ოღონდ არ ვიცი რისთვის :/

ამდენი წვალების მერე, ავედით ავტობუსში და გაჩერებაზე იმდენად დაბოლილი ტიპი ამოვიდა, მარიხუანას სუნმა მძღოლიც გააბრუა და ლამის უკან მიაბრუნა ავტობუსი. ჰოდა, ამდენი წვალების მერე მივედით ჩვენთან სასტუმროში გაყინულები, მშივრები და დამაშვრალები, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო, მარა, ჩემი რჩევაა, ეგეთი რამე არ თქვათ, თორე ის უარესი მართლა მოხდება - მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა.

ჰოდა, ასეა რა, ჩხოროწყუში რომ წავსულიყავით, ჰო არ შეგვექმნებოდა ამდენი პრობლემა და ქართველების ნახვაც არ გაგვაკვირვებდა - #Spend4seasonsinGeorgia