← Back Published on

ემიგრანტების დღიური ფინეთიდან #1

*ემიგრანტების დღიური ფინეთიდან - ფინეთის სასწავლო ვიზის მიღებაზე რთული ჰელსინკიში ალკოჰოლის ყიდვაა.*


ახლა თავიდან მოვყვები, როგორ იყო ეს ამბავი. გუშინ საღამოს სამშობლოდან წამოსულმა ინტელიგენციის 4 დიადმა და ბრწყინვალე წევრმა, სამშობლოს დატოვების შედეგად მოწოლილი ნოსტალგიისა და მელანქოლიური განწყობის დასაცხრობად გადავწყვიტეთ ცოტა ლუდი გვეყიდა და სადმე დაგველია, თან უკვდავი 90-2000იანების მუსიკისთვის მოგვესმინა და ბრიტნი სპირსის მელოდიური ჰანგების ფონზე გვემსჯელა ჩვენს ფინურ (და ქართულზეც) მომავალზე. ჯერ იყო და ჰელსინკის ქარიან და სუსხიან ქუჩებში სიარულისგან დამაშვრალები მაკდონალდსის ერთ ევროიანი მენიუთი ვაწყნარებდით ჩვენს მუცლებს, რომ სულ გამოგვეპარა საღამოს 9 საათი, რომელიც აი, უბედურების ზარი რომ ჩამოკრავს ხოლმეო, რომ ამბობენ, ჰელსინკიში ზუსტად მაგ დროს უწევს. გგონიათ, კომენდანტის საათი იწყება ამ დროს? არა! აბა, განკითხვის ღამეო, ალბათ იკითხავთ? არა! არა და არა! უ ა რ ე ს ი!!!

საღამოს 9 საათის შემდეგ მაღაზიებში 3%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველი სასმლის გაყიდვა იკრძალება და შეუძლებელია. თან მართლა შეუძლებელია “აუ, ძმურად გოგოსთან ერთად ვარ” და ეგეთები არ ჭრის (3 გოგოსთან ერთად ვიყავი და მაგანაც არ გაჭრა). ჰოდა, ღამის 10 საათზე მაღაზიაში შესულებს ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ისეთი ელდა გვეცა, აი კოლუმბს რომ ეცემოდა, რომ გაეგო - ინდოეთისკენ ახალი გზა კი არა, ახალი კონტინენტი რომ აღმოაჩინა, ან სალაზარს რომ სცოდნოდა, რომ ადამიანები მთვარეზე დაჯდნენ. ჰოდა დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც არის არის, “ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო”, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”, “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანიო” - ამ და სხვა გამონათქვამების ჩამორაკრაკების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ 2.7% ლუდი, რომელიც წვენს უფრო ჰგავდა შეფუთვით, გვეყიდა და ასე გავსწორებოდით სევდას.

ჰოოდა, სწორედ აქ იწყება ის ამბავი, რისთვისაც ამხელა შესავალი გავუკეთე. მივედით სალაროსთან და ჰოი საოცრებავ, თქვენი აიდი ბარათიო მოითხოვეს. დიდი ენთუზიაზმით და სავსებით დარწმუნებით, ოდნავ მობეზრებულად, ჩემი ბინადრობის მოწმობა გავუწოდე, თან გადავხედე, აქადა ვერ ხვდები, რომ ტყუილად მაყოვნებ თქო? ჰოდა, ეს ირონიული გადახედვა არ მაქვს დამთავრებული, გეგონება გამდიდრებული ურანი მივაწოდეო, დაიწყო კონსულტანტმა ლეგასოვივით ხელების ქნევა, არა ამას ვერ მივიღებო, ნამდვილი პასპორტი მინდაო. ჰოდა ახლა უკვე მეორედ მეცა ელდა, პასპორტი სახლში მაქვს და საერთოდ რა საჭიროა პასპორტი ალკოჰოლის საყიდლად, პერმიტს ჰო გაჩვენებ თქო. არაო ისეთი პრინციპულობით მითხრა, შემშურდა, ჩვენი ქვეყანაც რომ ეგეთი პრინციპული იყოს რუსეთთან პოზიციების დაკავებისას რაღა გაგვიჭირდებოდა, ჰოდა, დავიწყეთ ახლა ოთხივემ, ხან ქართულ აიდის ვაჩვენებთ, ხან ფინურს, არცერთი არ ჭრის, მაინცდამაინც პასპორტიო. პასპორტის სკანმაც არ გაჭრა, ამასობაში კონსულტანტმა მეორე კონსულტანტს დაუძახა (აი, იმათ პურის კოდი რომ იციან), და ახლა იმათმა გამართეს ერთი დიდი სჯა-ბაასი ფინურ ენაზე, საფიხვნოს თავში ეს ქალი კონსულტანტი იჯდა, დანარჩენები გარშემო პატარა ჰობიტებივით იყვნენ შემოკრებილნი. ჰოდა დიდხანს ველოდებოდით საბოლოო პასუხს, ამ ჩვენს თითქმის უალკოჰოლო ლუდს ჩაფრენილები იმ იმედით, რომ ცოტას “გვიჯიგრებდნენ” ბოლო-ბოლო ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტები ვართო, ჰოდა არა, ჩემო ბატონო!

დიმიტრი კარამაზოვისთვის არ ყოფილა ისეთი მძიმე თავისი განაჩენი, როგორიც ჩვენთვის ეს განაჩენი - ისაო, ესაო თქვენი დიდი ხათრიც გვაქვს, თქვენი უნივერსიტეტისაც, ამ პატარა ბარათებისაც, რომელსაც ჩვენი საემიგრაციო სამსახური გასცემს, მაგრამ არაო, დღეს უალკოჰოლო საღამო უნდა გქონდეთო.

ჰოდა, ასე წამოვედით ხახამშრალები მაღაზიიდან, ოდნავ გაოცებულები, მაგრამ ცოტა ბედნიერები, რომ ალკოჰოლის ფული დაგვეზოგა ;დ

სათაურს რაც შეეხება, ვიზის აღების დროს, პასპორტის სკანმა გაჭრა, ამიტომ თუ ფინეთის ვიზა მიიღეთ, წინასწარ ნუ გაიხარებთ, ალკოჰოლის ყიდვას პასპორტი, ვიზა და ცოტა მოლაპარაკების ნიჭი სჭირდება, თან განსაკუთრებით მაშინ 30 წელზე ნაკლების თუ ხარ.