← Back Published on

დღიურის ჩანაწერები #1

*სოციალური ინტერაქციები თვითწარმოჩენის დაუოკებელი ენთუზიაზმის ჩასახშობად და პირიქით*


ისე, ჩვენში დარჩეს და სნობიზმი დიდი ხათაბალა რამეა. აი, ხო გგონია, რომ რაღაცით გამორჩეული ტიპი გაიჩითები და რაღაც ისეთს იტყვი ან გააკეთებ, რომ ყველა შენ მოგისმენს ან შემოგხედავს, ან ორივე ერთად, თითქოს ნობელის პრემია მოიგე და სამადლობელ სიტყვას ამბობ, თან გრეტა თანბერგს უხდი მადლობას, თან იმაზე ფიქრობ მეორე ოთახში რომ ნახევარი მოხარშული ოკეანე გელოდება და იხტიბარს მაინც არ იტეხ და ეს სხვებიც, სხვა რა დარჩენიათ, ძალდატანებული ღიმილით გიკრავენ ტაშს თან ფიქრობენ იქნება მალე მორჩესო, რომ იმ ღმერთისგან მომადლებულ გვერდითა ოთახში ავსტრალიური ბინგოსა და ბენგალური ვეფხვის კატლეტები შეჭამონ ფრანგულ კრუასანთან ერთად და ბევრი ილაპარაკონ თუ როგორი აღფრთოვანებულები არიან წლევანდელი კონკურსანტებით. ჰო ყველას გვქონია ეს მომენტი? დარწმუნებული ვარ რომ კი. აბა ისე რა არის ცხოვრება.

ჰოდა, ამას წინათ ჩემი ერთი ძველი მეგობარი შემხვდა, აი, ისეთი თვალებში რომ შეეჩეხები და სადღაც ხუთი წამი ფიქრობ, რა ჯობია, ვითომ რომ ვერ დავინახე და ჩემი საქმე გავაგრძელო, თან იმედი მქონდეს რომ თვითონ არ მომადგება და ჯანდაბას თუ უნდა საღამოს ინსტაგრამზე მომწეროს რომ მგონი დამინახა და ვერ გადაწყვიტა რომ ნამდვილად მე ვიყავი თუ არა, თუ გადავლახო მთელი ეს უზნეობის ნაკადი, დაზარების სიმძიმე, უხერხული სიჩუმე, რომელიც მართალია ჯერ არ არის, მაგრამ ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ აუცილებლად ჩამოწვება, დამშვენებული უხერხული ღიმილით, თავის კანტურით და ერთგვარი ქეჩფრეიზით „სხვა?“... და სანამ მე აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს და ჩემს გონებაში ბრეინვშტორმინგობ, ჩემმა ძველმა მეგობარმა უფრო ადრე გადალახა ეს დილემა და ბუტროს ბუტროს გალივით ხელებგაშლილი წამოვიდა ჩემკენ, შორეული მოძახილით „აბა, როგორ ხარ შე დაკარგულოო“. ერთი კი ვიფიქრე, სულ სამჯერ მყავხარ ნანახი, რა დაკარგვაზე მელაპარაკები მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, იქეთ მულტივერსიო, აქეთ მეტავერსიო, თან ეს ახალი სპაიდერმენიც რამდენიმე დღის ნანახი მქონდა და მეთქი იქნება საერთოდ სხვა განზომილებიდანაა გადმოსული და იქ ძაან ახლო მეგობრებიც ვართ და დღეს რაღაცა სხვაგან გაიღვიძა და ჩემთან მოუნდა ლაპარაკი და ხელს ნუ ვკრავ თქო, თან რა იცი რა ხდება და სცენის ბოლოს იქნება ხელიდან ორივე ქსელებს ვუშვებთ.

და მოკლედ ამ ფიქრში ვარ, ფიქრში რა დაახლოებით ერთ წამში ვიფიქრე ამდენი და თან ვუღიმი, უხერხული ბუტბუტით ვეუბნები მეთქი აბა რა ვიცი, ევროპაში ვარ, მაგრად ვარ, თან ვსწავლობ, თან ვმუშაობ ცოტა რთულია ურთიერთობების შენარჩუნება თქო. რომ მკითხო მაგარი ლაქლაქა ტიპი ვარ მაგრამ ასეთ სოციალურ სიტუაციებში საერთოდაც ძალიან ვი**ვამ, კი არადა, ვისაქმებ, კი არადა ვისვრი. ჰო, ვისვრი. ჰოდა, არც ის მკითხა სად სწავლობო, არც ის სად მუშაობო, არც ის ევროპაში როგორ იპარებაო, არაფერი აქტუალური, პირდაპირ იმის მოყოლა დაიწყო როგორ სამსახურში მუშაობს და რამდენი ხელფასი აქვს და რომ ძალიან კარგ ბინაში გადავიდა და სულ მალე დაქორწინებას აპირებს და რომ მერე მალდივებზე უნდა წავიდეს, და ალბათ ამასობაში დააწინაურებენ და მეც ვუსმენ, თან ის ქალი ვარ იმ მიმში როა, სამკუთხედები და ტრიგონომეტრიის ფორმულები რომაა, ჯულია რობერტსს რომ ჰგავს რა. რაღაც მომენტში ვხვდები რომ ტიპი ჩემი თანხმობის გარეშე ჩემს ტვინთან სექსუალური აქტით კავდება, ჩემს ხარჯზე ეგოს იკმაყოფილებს, თან ისე რომ „ვაა, მაგარიას“ თქმასაც არ მაცდის და ვდგავარ ასე აწოწილი, თან ხელში ფორთოხლის წვენი მიჭირავს, რომელშიც რვა ლარი გადავიხადე, და რომელსაც სულ მალე ფორთოხლის ნაცვლად წყლიანი ფორთოხლის ფხვნილის გემო ექნება, იმიტომ რომ ეს ყინული, რომელზეც ბარმენს ვუთხარი არ მინდა მეთქი, დნება. ბუნებრივი პროცესია ერთგვარი.

თან ეს იმდენს ლაპარაკობს ეს ყინული კი არა, ნეტა მეც გავქრებოდე ამ ადგილიდან თქო, ვფიქრობ. თან უკვე ვამუღამებ, რომ ლაპარაკის დასაწყისში რომ მკითხა „როგორ ხარო“ მართლა კი არ აინტერესებდა, უბრალოდ მთელი ამ მონოლოგის ნაწილი იყო. მაგაზე გამახსენდა, ერთმა ჩემმა შოტლანდიელმა კურსელმა მკითხა ერთხელ „How was your day”-ო და კი გამიკვირდა ახლა მეთქი ამას რა თავის ხეთქვად აინტერესებს ჩემი დღე თქო, მაგრამ დაწვრილებით მოვუყევი, როგორ ავდექი, დავიხეხე კბილები, შევიწვი სამი კვერცხი და ორი სოსისი, თუ პირიქით ორი კვერცხი და სამი სოსისი, როგორ ვუყურე ნეტფლიქსზე სერიალის რამდენიმე სერიას, წავიკითხე 30 გვერდი, დავწერე დავალება, წავედი ლექციაზე, მოვედი ლექციიდან, ვიბანავე აბსოლუტურადა, გამოვედი, მივედი მაცივართან, გამოვიღე ლუდი გავხსენი დავლიე, მერე მივედი კიდევ ერთხელ გამოვიღე ლუდი, გავხსენი დავლიე, მერე კიდევ ერთხელ გამოვიღე ლუდი, გავხსენი დავლიე, მერე გავედი გარეთ, ცოტა ვიბოდიალე და ამასობაში ამასაც შევხვდი. თან ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით და აი სანამ გულიც წამივიდოდა უჰაერობისგან წვალებით დავამატე „და შენ როგორი დღე გქონდა მეთქი“ და მიყურებს და „It was alright”-ო და დამემშვიდობა. მაგის მერე ხალხის ნდობა მიჭირს, რომ მეკითხებიან, ჯერ ასჯერ ვფიქრობ რას გულისხმობენ მეთქი და მერე ერთხელ ვჭრი; ამას წინათ ჩემმა ფლეთმეითმა მკითხა კვერცხი ათქვეფილი გირჩევნია თუ „გლაზოკიო“ და მეთქი მოიცადე და მსჯელობა დავიწყე და ერთი წუთის მერე გაზქურამ რომ დაიწრიპინა, მეთქი სწორმა ვერსიამ თუ გაიჟღერა ბატონო წამყვანო თქო და მიყურებს ეს ჩემი ფლეთმეითი გაოცებული, ერთ ხელში გატეხილი კვერცხის ნაჭუჭი უჭირავს, მეორეში ჩანგალი და რა სწორი ვერსიაო და მეთქი თუ სწორი ვერსია არ ყოფილა, მაშინ დარბაზის დახმარებას ავიღებ მეთქი და პასუხისთვის აღარ დამიცდია, ისე გავვარდი გარეთ, მეზობელს ვუბრახუნებ თან ბოლო ხმაზე ვღრიალებ „მალე მიპასუხე, კვერცხი ათქვეფილი მირჩევნია თუ „გლაზოკი“ მეთქი, და იმან გააღო კარი და მაგ ორივეს ყიყლიყო ჯობიაო.

ჰოდა, რას მოვაყოლე ეს ამბავი. ძალიან არაეთიკური მგონია ჩემნაირი ოვერსინქერისთვის კითხვის დასმა მაშინ როცა პასუხი არ გაინტერესებს, არადა ამ დროს მე პასუხზე ვფიქრობ. პატარა სპანჯბობები რომ დარბიან სპანჯბობის თავში, აი ეგრე.

ჰოდა, მე რომ ეს ფლეშბექები მქონდა, ამასობაში თურმე ამას დაუმთავრებია თავისი მონოლოგი, რომლის მეორე ნაწილიც ღმერთის წყალობით აღარ მომისმენია და გაღიმებული მელოდება. მეც ვერ მივხვდი ახლა რა უნდა ვუთხრა, ჩემი ფორთოხლის წვენი უკვე მანდარინის გემოზეა ჩამოქვეითებული და ვუყურებ მეთქიიი, მე ახლა მალდივებზე არა, მარა იორდანიაში ვიყავი თქო და ერთი სასაცილო ისტორია გადამხდა მეთქი. თან ვცდილობ ისე მოვყვე რომ ამისი ახალი ბინის, სამსახურის და მალდივების ისტორია გადავფარო. თან ეს ჯერ არ ყოფილა იმ მალდივებზე და მე ერთი თვის წინ ჩამოვედი იორდანიიდან. ვგრძნობ, რომ რაღაც უპირატესობა მაქვს და დავიწყე:

მადაბადან ამანში მივდიოდი და მივედი ავტობუსის გაჩერებაზე, საღამოა უკვე რა. ამ იორდანიაშიც ეს ავტობუსები ისე დადიან, როგორც ჩვენთან. მძღოლი დგას გაჩერებაზე და მთელ ხმაზე ღრიალებს „აბა, ამანი გავიდაო“ და მივადექი ახლა რაღაცა პატარა ავტობუსს, მე არაბული არ ვიცი, ამათმა ინგლისური, მაგრამ ეს ამანი კაცო ჰო ყველა ენაზე ამანია. მივედი მძღოლთან და რაც შეიძლება არაბული აქცენტით და ღიმილით ვეუბნები მეთქი „ამან?“, ამანაც შემომხედა გამიღიმა, „კიო ამანნ“. მეთქი ვა, ძაან კაი, მარა თან ავტობუსში ასვლამდე რამდენიმე მგზავრი რომ იჯდა იმათაც ვკითხე „ამან?“ ამათაც, კიო „ამანო“ და ნუ ახლა ორი მინუსი პლიუსია კი არადა, ორი პლიუსიც პლიუსია, მოკლედ როგორცაა დავჯექი სულ წინა ადგილზე, მშვიდად.

ამასობაში ეს ავტობუსი გაიძეძგა, ხალხი ლამის თავზე აზის ერთმანეთს, მე წინ მძღოლის გვერდით ვზივარ მშვიდად, ასე მგონია, კაცი შვილი არ დამადგება თავზე და უცებ ვიღაცა მოდის მიყურებს და ხელით მანიშნებს მიიწიეო. მე კი ერთკაციან სკამზე ვზივარ, მაგრამ ეს ისეთი დარწმუნებით მიქნევს ხელს მიიწიეო, გონებაში ჩემს თავს ვლანძღავ, მეთქი როგორი მიუხვედრელი ბიჭი ხარ, კაცი ამდენი ხანი შეაყოვნე თქო და ჩავიწიე შეძლებისდაგვარად ესეც დაჯდა. პარალელურად ეს მძღოლი ხელს მირტყამს ფული მომეციო, კი არ მეუბნება ხელით მანიშნებს, აი ცერა და საჩვენებელი თითების ერთმანეთზე გასმით. მეც მივეცი ახლა ორი დინარი, აქეთობისას ამდენი გადავიხადე და ამან ერთი უკან მომიბრუნა. მეთქი ვა, უყურე შენ კაცი პატივს მცემს, ნახევარ ფასში მივყავარ, ეტყობა მთელ ავტობუსში ერთადერთი უცხოელი რომ ვარ, მიჯიგრა მეთქი. ამასობაში ეს ჩემი თანამესკამეც უკვე გამიშინაურდა, ასე ახლოს ჩემს შეყვარებულთან ერთად არ ვმჯდარვარ და ნუ ბუნებრივია, ორი წუთის მერე სიგარეტს მოუკიდა, მეუბნება ჰო არ გაწუხებსო, მეთქი არა. კი მაწუხებდა, მაგრამ ვერ შევბედე თქმა, ჰო გითხარით სოციალურ სიტუაციებში ვისვრი მეთქი. ჰოდა, ვზივარ შებოლილი თევზივით, თან ვფიქრობ, ჯანდაბას ერთი საათი როგორმე გავიჭირვებ და მერე კი ჩავალ ამ ამანში და მოვემზადები ხვალისთვის თქო. აქეთ იქეთ, თან ყურსასმენში მუსიკას ვუსმენ, მოკლედ ბედნიერი ვარ, შეძლებისდაგვარად.

ჩემი აზრით ბარათაშვილი მართალი იყო, როცა ამბობდა რომ ბედნიერება და წუთისოფელი ერთმანეთთან ვერ მეგობრობენო. 20 წუთის მერე ეს ავტობუსი ჩერდება შუა უდაბნოში. ოღონდ მართლა უდაბნოა, არც ბუჩქი, არც ხე, არც გაჩერება, არც მაღაზია გარშემო არ არის, ეგ კი არა ფილმებში რომ უდაბნოს აღსაწერად ბურბურა რომ გამოგორდება ეგეც არ არის, იმიტომ რომ ბურბურის არსებობისთვის რაიმე სახის მცენარის არსებობაა საჭირო და აქ ეგეც არ იყო. ერთადერთი უდაბნოში დაგებული ასფალტია, რომელზეც მანქანა საათში ერთხელ თუ გაივლის. ჰოდა უკვე გაბრაზებული სახით ვიყურები, მეთქი აქ ვინღა ჩადის თქო, იმიტომ რომ ამომსვლელი არ ჩანს არავინ. თურმე მე ჩავდივარ! ეს ავტობუსის მძღოლი მომიბრუნდა და რაღაცას არაბულად მიხსნის, ხელებით მანიშნებს და ერთ ამბავშია, ერთადერთი რისი ამოლუღლუღებაც მოვახერხე „ნოუ ამან?“ მეთქი და არაო, მეო იქეთ მივდივარო ხელით მარჯვნივ მანიშნებს, ამანი იქეთ არისო, მარცხნივ გადასახვევისკენ მანიშნებს. მე და ავტობუსი უკვე ერთი ფერის ვართ - თეთრი ყვითელში. ჩამოვლასლასდი ამ ავტობუსიდან, თან ისე რომ ბოლოს აღარც მომისმენია რას მეჯახირებოდა, რა აზრი ჰქონდა რო.

მივდივარ ახლა მივბოდიალებ უდაბნოში, 40 წუთი გავიდა, მანქანა არ ჩანს, რაც ჩანს არ მიჩერებს. თან უკვე ოფლში ვიწურები, თან ვფიქრობ, მე 40 წუთში გავუბედურდი უდაბნოში და ქრისტე 40 დღე დადიოდა, უნდა გააღმერთო, აბა რა უნდა ქნა მეთქი. 

ის ლეგენდა ჰო იცით, მირიან მეფეს რომ დაუბნელდა და ოღონდ ახლა მიშველე ღმერთო და მერე მე ვიციო. აი, მაგ ამბავში ვარ მეც და უცებ ჩემგან 200 მეტრში ვიღაცა გოგო დგას. და ჯერ მირაჟი მგონია მარა თან არა, და გავრბივარ ახლა ამ გოგოსკენ, უფრო სწორად კი არ გავრბივარ, საგრძნობლად ჩქარი, მაგრამ „დასტოინი“ ნაბიჯით მივაბიჯებ, რომ ამასაც არ შეეშინდეს და არ გაიქცეს და აი, 50 მეტრზე რომ მივუახლოვდი, უცებ წითელი სედანი გაჩერდა, ეს გოგო შეხტა შიგნით და წავიდა. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, მაგრად დამცინა მოკლედ.

მაგრამ არა. ასე 10-15 წუთის მერე მიჩერებს რაღაცა მინივენი და იორდანიაში გასტოპვისას მასწავლეს თავიდანვე უთხარი რომ ფული არ გაქვსო, რომ უფასოდ წაგიყვანონო და მივახტი ამ კაცს მეთქი „ნომაამ მასაარი“ თქო და დაჯექიო. მივდივართ ახლა ამანისკენ, თავი ქუდში მაქვს მიხარია, ამდენი ჯანდაბის მერე მეშველა მეთქი. და ეს კაცი ვერ მელაპარაკება, იმიტომ რომ ინგლისური არ იცის, მარა მიღიმის. მეც ვუღიმი. თან ლოცვას უსმენს და თვითონაც ლოცულობს. და უცებ აი იმ მომენტში ეტყობა ნირვანას რომ მიაღწია, დაკუჭულ რაღაცას მაჩეჩებს ხელში და აიღეო ხელით მანიშნებს. ხელის კანკალით გავხსენი და 10 დინარია (ასე 15 დოლარამდეა). ერთი კი ვიუარე არ მინდა თქო, თან იმას ვფიქრობ, იმედია კახელებივით არ არიან და უკან არ გამომართმევს თქო, მარა არა, მეორედაც მითხრა გქონდესო და ჩავიდე ჯიბეში ეს ფული. მაგ ფულით მერე სასტურომდე ტაქსით მივედი და დანარჩენით შაურმა ვჭამე.

როგორც იქნა მოვრჩი ამ ამბის მოყოლას, ის კი არა რაღაც მომენტში მეც მაგრად დავიღალე, თან სადღაც შუაში მივხვდი რომ ეს ჩემი ძველი მეგობარი აღარ მისმენდა, მარა მეთქი ეგრე ჰო მეც არ ვუსმენდი და აჰა, გავთანაბრდით მეთქი და აი სულ თავში რომ ვახსენე ნობელის პრემიის სამადლობელი სიტყვის დროს რომ ძალდატანებით გიღიმიან ნეტა მალე მორჩებოდესო ფიქრით, მასეთი სახით მელოდება. ამ ნობელის პრემიასაც ტყუილად გადავეკიდე, ერთი წლის წინ „ლივინგსტონში“ გავგზავნე აპლიკაცია კოპირაითერად, აპლიკაცია კი არა, ერთი დიდი ალმანახი იყო, იმხელა Take Home Assignment-ი იყო და მეც დიდი ენთუზიაზმით ვწერე, ასე იმას რომ ვაკეთებდე, ახლა რაც მომეთხოვება, ბევრად უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა მექნებოდა. ჰოდა, მანდ იყო ერთი დავალება ნობელის პრემიის მოგების შემთხვევაში როგორ სიტყვას დაწერდიო. მაშინ იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, მთელი ამ დავალების აბსურდულობაზე არ მიფიქრია, კი გამიკრთა გულში, ესენი რომ სადღაც იმას უშვებენ რომ შეიძლება ნობელის პრემია მოვიგო და სამადლობელი სიტყვა დავწერო სრული სერიოზულობით, ოღონდ თან შეიძლება ეს ჩემი სრული სერიოზულობით დაწერილი ნობელის პრემიის სამადლობელი სიტყვა იმდენად არ მოეწონოთ რომ სამსახურში არ ამიყვანონ, ცოტა უცნაური იქნება, რა გამოდის, რომ ნობელის პრემიის მოსაგებად მეყო გონებრივი გაქანება, მაგრამ ლივინგსტონში სამუშაოდ არა-მეთქი? და ბიჭო, მართლა ეგრე გამოვიდა. არ ამიყვანეს, თან ეგ ის კომპანიაა ჩემი მოგვარეც რომ ერთ-ერთი დამფუძნებელია, არადა ცოტანი ვართ და მეთქი გავიტანთ ერთმანეთს, აქეთ-იქეთ. შენც არ მომიკვდე. მეწყინა, მაგრამ რა ვუყოთ, რა, როგორც ჩანს მარტო ღმერთს ნდომებია თავისთვის კარგები და დავიკიდე.

ჰოდა, მოკლედ ეს ჩემი მეგობარი მიყურებს, მეც მოვრჩი თხრობას და ვუყურებ, თან ის უხერხული სიჩუმეც ჩამოწვა, თავში რომ ვახსენე - ვიცი რა რომ ასე უნდა მოხდეს და არ ჯობდა ამასაც დავეიგნორირებინე და მერე ინსტაგრამზე მოეწერა და მეც ამ მოწერილს დავურეაქთებდი და უფრო მარტივად მოვგვარდებოდით, მარა არა, მერე ვის ეტყოდა მალდივებზე რომ უნდა იმოგზაუროს. ამის პარალელურად იმას ვფიქრობ, მიდი აბა ჰე, სამსახურში შენ გაწინაურებენ და მოიფიქრე რამე და შემეშვი ახლა თქო, ეს ჩემი ფორთოხლის წვენი მთლად გამჭვირვალე გახდა ამასობაში, ეს რვა ლარიც ტყუილად გავიქნიე, ასე გამოვიდა მაგრამ უცებ ჩემი ყველა გამბედაობა ერთად მოგროვდა და ვეკითხები „წვენი ჰო არ გინდა თქო“ და ალბათ ეგ იყო იმისთვისაც ბოლო წვეთი, არა მადლობაო, გავრბივარო, დამემშვიდობა და წავიდა. მე კი მგონია, რომ ეგ თუ მართლა გასაქცევი იყო სადმე თავიდანვე არ გამომელაპარაკებოდა, მაგრამ რა ვიცი, კაცია და ბუნება, აგერ ანდრიუხოვიჩი სიზმარში ოლელკო მეორეს სტიპენდიას სთხოვდა გერმანულ მარკებში და იმან „შე პინგაო“ ესპანურად მიაძახა და ეს თუ შეიძლება მოხდეს, ალბათ იმასაც სადმე მართლა ეჩქარებოდა.